"რიონის მცველები" რიონის ხეობაში ბრუნდებიან. თბილისში მათი საპროტესტო აქციები დასრულდა.
როგორც ვარლამ გოლეთიანმა თქვა, ისინი ნამოხვანში ჩავლენ და ჰესის მოსამზადებელ სამუშაოებს ხელს შეუშლიან.
"ბრძოლა გაგრძელდება ნამახვანში და ეს იქნება, რა თქმა უნდა, არა ფიზიკური, არამედ უსისხლო ბრძოლა. ჩვენ ჩაბმული ვართ ამ უსისხლო ბრძოლაში უკვე ნახევარი წელია და ასე უსისხლოდ მივიტანთ ამას ბოლომდე. ჩვენ ვაწარმოებთ მორალურ ომს, როგორც ეს გუშინ აღვნიშნეთ და ამ მორალურ ომში ვართ გამარჯვებული ხელისუფლებასთან და ყველა იმ პერსონასთან მიმართებაში, რომელიც ტალახს გვესვრის და ცდილობს გაამარგინალოს ჩვენი ეს მოძრაობა. ამიტომ საკითხი დგას მკაფიოდ - ამ მორალურ ომს ჩვენ გავიყვანთ ბოლომდე სწორად, მშვიდობით, ერთობით და სულისკვეთებით გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს და რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, სხვა ვექტორზე გადაგვიყვანოს, დაგვანაწევროს, გააჩინოს დაპირისპირება ჩვენს შორის, ამას ვერ შეძლებს და ამის გარანტი ვართ თითოეული ჩვენგანი, ვინც დღეს ამ მოედანზე ვდგავართ". - თქვა ვარლამ გოლეთიანმა.
თბილისში ნამახვჰესის აქციებმა 23 მაისს გადაინაცვლა.
ისინი კვლავ ითხოვენ:
- შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
- დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.
ხელისუფლება აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ "გონიერებისკენ" მოუხმო.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, 25 მაისს, მედიაგამოცემა მთის ამბებმა მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას.
დოკუმენტი, რომელიც გამოცემამ გამოაქვეყნა და რომელსაც იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, მოქმედი დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის ხელმოწერა აქვს, 22 კრიტიკულ შენიშვნას მოიცავს.